პოსტსაბჭოთა წლების პირველი კერძო გალერეა, 1992 წლიდან

Baia Gallery 1992 წელს გაიხსნა. ეს არის პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველი კერძო გალერეა, რომელიც დღემდე მუშაობს. გალერეა ორი მიმართულებით მუშაობს: XX საუკუნე, კულტურული მემკვიდრეობა კერძო კოლექციებიდან (მოდერნიზმი, ავანგარდი, სოციალისტური რეალიზმი და ტრანსავანგარდი), და XXI საუკუნე, თანამედროვე ხელოვნება.
გალერეა 1992 წელს, პოსტსაბჭოთა საქართველოში დაარსდა, გალერეისთვის სრულიად შეუფერებელ პირობებში: თბილისის სამოქალაქო ომი წლით ადრე დასრულდა, აფხაზეთში კი ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ბაია წიქორიძემ და მისმა მეგობრებმა, ქეთი შუბითიძემ და თეა ტაბატაძემ, დააარსეს კერძო გალერეა „ორიენტი“, რომელიც დღეს Baia Gallery-ის სახელითაა ცნობილი.
გალერეა იკვლევს კერძო კოლექციებში დაცულ ნაკლებად ცნობილ და უნიკალურ მასალებს, მოქმედებს როგორც ხელოვნების მრჩეველი და წამყვან პოზიციას იკავებს კერძო და ინსტიტუციური კოლექციების შედგენაში. ის თანამშრომლობს სხვადასხვა მუზეუმსა და ინსტიტუციასთან და გამოსცემს წიგნებსა და კატალოგებს. გალერეის მონაცემთა ბაზაში ქართული ხელოვნების შესახებ 7000-ზე მეტი გამოსახულება და საარქივო დოკუმენტია.
თბილისში გალერეა ორ საგამოფენო სივრცეში მუშაობს: Baia Gallery, მთაწმინდა (ინგოროყვას ქუჩა №19ა), რომელიც XX საუკუნის კულტურულ მემკვიდრეობაზეა ორიენტირებული, და Baia Gallery, ვაკე (რაზმაძის ქუჩა №68), რომელიც თანამედროვე ხელოვნებაზეა ორიენტირებული.